შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია „საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები - დასაწყისი და განვითარება“

2017 / 03 / 02

2017 წლის 1 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა საჯარო დისკუსია „საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები - დასაწყისი და განვითარება“.

ღონისძიებას უძღვებოდა სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი, მომხსენებლებად წარსდგნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონე და საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში მამუკა კუდავა.

დისკუსიის დასაწყისში ირაკლი მენაღარიშვილმა მოკლედ  მიმოიხილა ქართულ-ფრანგული  ურთიერთობების ისტორია და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ საფრანგეთის მუდმივ მხარდაჭერას. საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საფრანგეთი უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში მ. კუდავა და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა თავისი ელჩობის პერიოდში საქართველო-საფრანგეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ასევე მიმოიხილა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის (2007-2012 წწ.) მოღვაწეობა და მისი საგარეო პოლიტიკის შედეგები.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში ეკატერინე სირაძე-დელონემ თავის მოხსენებაში გამოყო ფრანგულ-ქართული ურთიერთობების რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიცაა კულტურა, თავდაცვა და უსაფრთხოება, განათლება და სხვა.

დისკუსიას ესწრებოდნენ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, მედიისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, დაისვა საინტერესო კითხვები და გაიმართა დისკუსია მომხსენებლებსა და აუდოტირიას შორის.

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა დაგეგმილი საჯარო დისკუსიების სერიის ფარგლებში, სადაც ყოფილი და მოქმედი დიპლომატები საუბრობენ საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყისისა და განვითარების შესახებ. 

 

იხილეთ დისკუსიის ამსახველი ვიდეო. 

 

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.