შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია „რუსეთის საინფორმაციო და კიბერომი: აშშ-ის არჩევნები და მომავლის გამოწვევები“

2017 / 02 / 23

2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა დისკუსია  „რუსეთის საინფორმაციო და კიბერომი: აშშ-ის არჩევნები და მომავლის გამოწვევები“.

ღონისძიებას უძღვებოდა ფონდის პრეზიდენტი ეკატერინე მეტრეველი, სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნიუ-იორკის იუტიკა კოლეჯის ასოცირებულ პროფესორი და Cyberlight Global Associate-ის დირექტორი ხათუნა მშვიდობაძე და აშშ-ში საქართველოს   საგანგებო დასრულუფლებიანი ელჩი 2009-2011 წწ.-ში,  საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და The McCain Institute-ის მკვლევარი ბათუ ქუთელია.

მომხსენებლებმა მიმოიხილეს საინფორმაციო ომისა და მისი კომპონენტის - კიბერომის მიმართ რუსეთის მიდგომა, დასავლეთისა და მისი მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური სისტემების წინაშე არსებული - რუსეთის მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის -საფრთხეები, როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან რუსეთის საინფორმაციო ომის დოქტრინა და მისი გეოპოლიტიკური ამბიციები, რა შეთანხმება არსებობს რუსეთის მთავრობასა და რუსეთის კიბერდამნაშავეებს შორის, ასევე რუსეთის მიერ წარმოებული პარტიზანული თუ არახაზოვანი საინფორმაციო ომის საკითხები.  

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მსმენელები აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში, დაისვა საინტერესო კითხვები საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა სამომავლო რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ კიბერუსაფრთხოების საკითხის მოსაგვარებლად.

დისკუსიას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.