ლექციები და ტრენინგები

სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთი

2017 / 03 / 20

2017 წლის 13-17 მარტს პროგრამის - „საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში გაიმართა საქართველოს საჯარო მოხელეების სასწავლო ვიზიტი ტალინში, ესტონეთში, მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკისა და ევროინტეგრაციის საკითხების უკეთ გასაცნობად.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში ჩართულმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 24-მა თანამშრომელმა.

სასწავლო ვიზიტი ითვალისწინებს საქართველოს საჯარო მოხელეების სტუმრობას ტალინში, რათა უკეთ  დაინახონ  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მთავარი საკითხები, ასევე გაიღრმავონ  საერთაშორისო ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების უნარ-ჩვევები. ვიზიტის დროს მონაწილეებს ჩაუტარდათ სემინარები შემდეგ საკითხებში: აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები; საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - ელ. მმართველობა, ელ. სერვისები; ტრენინგი დიპლომატიური უნარ-ჩვევების განსავითარებლად; უსაფრთხოების ახალი გამოწვევები და სხვა.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები ინდივიდუალურად შეხვდნენ ესტონელ კოლეგებს სხვადასხვა საჯარო უწყებაში: შინაგან საქმეთა სამინისტროში, ესტონეთის მთავრობის ოფისში, ესტონეთის სტატისტიკის ცენტრში,  კულტურის სამინისტროში, საგადასახადო და საბაჟო საბჭოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში და ა.შ.

ვიზიტის ბოლოს ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა ახვლედიანმა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორმა ეკე ნომმა პროგრამის მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

პროგრამა ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის თანამშრომლობით. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საჯარო უწყებების წარმომადგენლები.

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.