რონდელის ბლოგი

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში - მმართველი პარტიის ტრიუმფი

2017 / 04 / 13

ავტორი: გიორგი თურმანიძე

2017 წლის 2 აპრილს სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ეს იყო პირველი არჩევნები საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ, რის საფუძველზეც, 2018 წლიდან სომხეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მართვის მოდელზე გადავა. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს არა მარტო მომავალი პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობას, არამედ ქვეყნის შემდგომი პრეზიდენტის ვინაობასაც, რადგან 2018 წელს, სერჟ სარქისიანის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალ პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს.

 

„ბუნდოვანი“ საარჩევნო სისტემა

არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში ჩატარდა, რომელიც კომპლექსური და საკმაოდ ბუნდოვანია. მაგ., წინასწარ გაუგებარი იყო, თუ რამდენი დეპუტატი მოხვდებოდა პარლამენტში, მინიმუმ 101 დეპუტატის გარდა. ახალი საარჩევნო სისტემით დეპუტატები აირჩიეს, როგორც საერთო ეროვნული პარტიული სიებიდან, ასევე კანდიდატთა სიებიდან, რომლებიც პარტიებმა ყველა (სულ 13) საარჩევნო ოლქში წარადგინეს. ამ არჩევნების თავისებურება ის იყო, რომ კანდიდატებს არა მარტო კონკურენტი პარტიების წარმომადგენლებთან, არამედ საარჩევნო ოლქებში საკუთარი პარტიის წევრებთან კონკურენციაც უწევდათ.

 

წინასაარჩევნო გარემო

წინასაარჩევნო პროცესში პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ფიზიკური დაზიანებები ძირითადად ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებულმა პირებმა მიიღეს. წინასაარჩევნო პროცესში ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებაც გაისმა ბრალდებები, მმართველი პარტია კი ხელისუფლების სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიის წარმოების მიზნით სკოლის დირექტორებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

 

არჩევნების დღე

13 საარჩევნო ოლქში 2009 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც 2 მლნ. 600 ათასამდე ამომრჩეველს შეეძლო ხმის მიცემა. საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 60.1% შეადგინა. არჩევნებს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა, მათ შორის, ეუთო და დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეა. საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი შეფასებით, საარჩევნო პროცესი საერთო ჯამში მშვიდად და ორგანიზებულად წარიმართა, თუმცა შეიმჩნეოდა, ძირითადად, მმართველი პარტიის მხრიდან, საარჩევნო პროცესში ჩარევის, ასევე ამომრჩევლის მოქრთამვისა და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის ფაქტები.

 

ვინ რამდენი ხმა/მანდატი მიიღო

გელაპის საერთაშორისო ასოციაციის სომხეთის წარმომადგენლობისა და რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის წინასაარჩევნოდ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსები რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდა, მათ შორის ორივე გამოკითხვა პირველ ადგილს „წარუკიანის საარჩევნო ბლოკს“ უწინასწარმეტყველებდა, მას ცოტათი ჩამორჩებოდა მმართველი პარტია.

საარჩევნო ბარიერის გადალახვის თვალსაზრისით წინასაარჩევნო პროგნოზები გამართლდა და არჩევნებში მონაწილე 9 პოლიტიკური სუბიექტიდან, საარჩევნო ბარიერი მხოლოდ 4-მა გადალახა. პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 5% იყო, საარჩევნო ბლოკებისთვის კი - 7%.

საარჩევნო ბარიერი შემდეგმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა გადალახეს:

  • სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 49.15% მიიღო და შედეგად პარლამენტში 58 მანდატი ერგო, მათ შორის თითო-თითო მანდატი ასურული, ეზიდური და ქურთული უმცირესობის წარმომადგენლებმა მიიღეს.
  • „წარუკიანის საარჩევნო ბლოკი“ - 27.35% (31 მანდატი, მათ შორის ერთი რუსული უმცირესობის წარმომადგენელია).
  • საარჩევნო ბლოკი „გასასვლელი“ - 7.78% (9 მანდატი).
  • სომხეთის რევოლუციური ფედერაცია - „დაშნაკცუტიუნი“ - 6.58% (7 მანდატი).

ახალ პარლამენტში 105 დეპუტატი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის 4 მანდატი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა გარანტირებულად მიიღებს.

საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს:

  • „სომხური აღორძინება“ - 3.72%
  • საარჩევნო ბლოკი „ოჰანიან-რაფი-ოსკანიან“ - 2.07%
  • სომხეთის ეროვნული კონგრესისა და სომხეთის სახალხო პარტიის საარჩევნო ბლოკი - 1.66%
  • თავისუფალი დემოკრატები - 0.94%
  • კომპარტია - 0.75%

გამარჯვებულები

სომხეთის რესპუბლიკური პარტია

მმართველი პარტიის წარმატებას პარტიის სახეების პოზიტიურმა იმიჯმა შეუწყო ხელი. ამ მხრივ ორი პოლიტიკოსის გამორჩევა შეიძლება, ერთი „გაზპრომის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, პრემიერ-მინისტრი (2016 წლის სექტემბრიდან) კარენ კარაპეტიანია და მეორე - სიის პირველი ნომერი, თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარქისიანი. კარაპეტიანი, წინასაარჩევნო გამოკითხვებით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი იყო, რომლის სახელიც რეფორმებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, პარტიის წარმატებას ხელი შეუწყო ადმინისტრაციულმა რესურსმა, რომელიც ტრადიციულად აქტიურად გამოიყენა ხელისუფლებამ.

 

 „წარუკიანის საარჩევნო ბლოკი

„წარუკიანის საარჩევნო ბლოკის“ წარმატება, საარჩევნო ბლოკის მამოძრავებელი ძალის, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის ქველმოქმედისა და ბიზნესმენის იმიჯმა განაპირობა. წარუკიანი, რომელსაც „დოდი გაგოს“ („სულელი გაგო“) სახელით იცნობენ, სომხეთის უმდიდრესი ადამიანია. მას როგორც ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ისე ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება აქვს. წარუკიანმა 2015 წელს, ხელისუფლების ზეწოლით, აქტიური პოლიტიკა დატოვა, თუმცა ამის შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებაზე ხშირად ჩნდებოდა სერჟ სარქისიანის გვერდით. „წარუკიანის საარჩევნო ბლოკი“ შესაძლოა ახალ პარლამენტში წარდგეს, როგორც ოპოზიციური პარტია ან გარკვეულ ეტაპზე მთავრობის ფორმირებაშიც მიიღოს მონაწილეობა. თუმცა არსებულ ვითარებაში მმართველ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბება წარუკიანის მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია.

 

საარჩევნო ბლოკი  გასასვლელი

ახალ პარლამენტში საარჩევნო ბლოკი  „გასასვლელი“ ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი იქნება. საარჩევნო ბლოკი  ძირითადად სამ პარტიაში („გაბრწყინებული სომხეთი“, „სამოქალაქო შეთანხმება“, რესპუბლიკა) შემავალი დეპუტატებისგან შედგება. საარჩევნო ბლოკის წარმატება მისი ლიდერების ქარიზმამ განაპირობა. ისინი დიდი ხანია პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან და მათი სახელი არ არის დისკრედიტირებული. „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერია ყოფილი ჟურნალისტი ნიკოლ ფაშინიანი, „გაბრწყინებულ სომხეთს“ ედმონ მარუკიანი ხელმძღვანელობს, რესპუბლიკის ლიდერი კი არამ სარქისიანია, რომელიც 2009-2000 წლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო. საარჩევნო ბლოკი პოპულარულია ახალგაზრდა თაობაში, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილოა. საარჩევნო ბლოკი ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფია, რომელიც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის წევრობას ეწინააღმდეგება და ევროკავშირთან დაახლოებას უჭერს მხარს.

 

სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი“

„დაშნაკცუტიუნს“ თავისი ერთგული ამომრჩეველი ჰყავს, რაც უძველესი ისტორიის მქონე პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობას ყოველთვის აძლევს. პარტია სხვადასხვა ეტაპზე იყო როგორც ოპოზიციური ძალა, ასევე სამთავრობო კოალიციის წევრი. თუმცა, მთავრობაში ყოფნის პერიოდშიც პარტია გარკვეულ საკითხებზე, განსაკუთრებით თურქეთთან დაახლოების მცდელობის გამო, სარქისიანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. 2016 წლიდან კარენ კარაპეტიანის მთავრობაში პარტია სამი მინისტრით იყო წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, რომ „დაშნაკცუტიუნი“ ახალი კოალიციური მთავრობის წევრი გახდეს. არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის სპიკერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია მზად არის ითანამშრომლოს „დაშნაკცუტიუნთან“.

 

დამარცხებულები

საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა, შედეგად სომხეთის პარლამენტის მიღმა აღმოჩნდა ბევრი ცნობილი პოლიტიკური ფიგურა, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე არტურ ბაღდასარიანი, რომლის „სომხური აღორძინების პარტია“ მეხუთე ადგილზე გავიდა. პარლამენტს გარეთ დარჩა სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი და მისი საარჩევნო ბლოკიც.

სერიოზული წარუმატებლობა განიცადა საარჩევნო ბლოკმა „ოჰანიან-რაფი-ოსკანიანმა“. საარჩევნო ბლოკის ლიდერები თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები - ვარდან ოსკანიანი და რაფი ოვანესიანი არიან. მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული ბრძოლა გააჩაღა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მათი მხარდამჭერი, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური სამველ ბაბაიანი დააპატიმრეს. ბაბაიანს ბრალად ედება საქართველოდან სომხეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემა „იგლას“ შეტანა.

 

ვინ იქნება ახალ მთავრობაში

არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ ე.წ. „სტაბილური უმრავლესობა“ მოიპოვა, რაც რესპუბლიკურ პარტიას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. საარჩევნო ხმების გადანაწილება გამორიცხავს კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობას, თუმცა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მმართველმა პარტიამ შესაძლოა კვლავაც გააგრძელოს თანამშრომლობა ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორთან - „დაშნაკცუტიუნთან“. 11 აპრილს მმართველ პარტიასთან კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების არსებობა დაადასტურა „დაშნაკცუტიუნმაც“.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დიდი ალბათობით შეინარჩუნებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი. მმართველი პარტია არჩევნებამდე, გამარჯვების შემთხვევაში, მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის პირობას დებდა. კარაპეტიანი, სავარაუდოდ, მინიმუმ, 2018 წლის აპრილამდე შეინარჩუნებს ადგილს, როდესაც სარქისიანის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

 

რა შეიცვლება არჩევნების შემდეგ 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება, თუმცა ეს შესამჩნევი 2018 წლის აპრილიდან გახდება. 2015 წლის 6 დეკემბრის რეფერენდუმის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2018 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ძალაუფლება შესუსტდება და ქვეყანა მართვის საპარლამენტო მოდელზე გადავა.

ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სერჟ სარქისიანის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადის დასრულება მიიჩნევა. სარქისიანი, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია, როგორც ჩანს, არ აპირებს პენსიაზე გასვლას და ძალაუფლების შენარჩუნებისათვის შესაბამის ლეგიტიმაციას იქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ სარქისიანს აღარ შეუძლია მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევა და ამ მხრივ ცვლილებების გატარებაზეც უარი თქვა, ქვეყნის საპარლამენტო მართვის მოდელზე გადასვლა სარქისიანისთვის პოლიტიკაში დარჩენის ყველაზე ლეგიტიმური გზაა.

სარქისიანს სრული ერთი წელი აქვს, რომ მისი მომავალი პოლიტიკური კარიერა დაგეგმოს. თუ ის პოლიტიკაში დარჩენას გადაწყვეტს, მას შეუძლია საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს და პრეზიდენტად მასთან დაახლოებული პირის არჩევას შეუწყოს ხელი ან არის მეორე ვარიანტიც, შეინარჩუნოს პარტიის თავმჯდომარის გავლენიანი ადგილი და ასე გააგრძელოს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა.

 

რა შეიცვლება რუსეთისთვის

სომხეთის პოლიტიკურ სპექტრში არ არიან ძალები, რომლებიც ანტირუსული განწყობებით გამოირჩევიან. სომხეთის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ქვეყნის პოლიტიკური ელიტა რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას აღიარებს. ამ მხრივ, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების პოზიცია მსგავსია. ერთადერთი პარტია, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მომხრეა და სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გადახედვას მოითხოვს, საარჩევნო ბლოკი „გასასვლელია“, რომლის სადეპუტატო მანდატების რაოდენობა საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

თემატური პოსტები

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.