მისია და ხედვა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, რომელიც 1998 წელს დაარსდა, არის პოლიტიკის ანალიზის დამოუკიდებელი, არამომგებიანი ცენტრი, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის, პოლიტიკის განმსაზღვრელების და პოლიტიკის ანალიტიკოსების ტრენინგების და 21-ე საუკუნეში საქართველოს და კავკასიის რეგიონის წინაშე მდგომი საშინაო და საგარეო სტრატეგიული საკითხების შესახებ საჯარო განათლების უზრუნველყოფის გზით. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის საქმიანობის მიზანია, ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემოს შექმნას და ადგილობრივი კერძო სექტორისა და საერთაშორისო ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონის ეკონომიკაში მონაწილეობის შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომელთა უმეტესობა მაღალი რანგის ყოფილი სახელმწიფო მოხელეა. მათ აქვთ როგორც საჯარო პოლიტიკის გამოცდილება, ასევე მიღწევები აკადემიურ სფეროში, რაც უნიკალური კომბინაციას წარმოადგენს. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომლების კავშირები ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეხმარება ფონდს, ფართოდ გააშუქოს საქართველოს შესაძლებლობები და პრობლემები, ხელი შეუწყოს დიალოგს ხელისუფლებასა და მკვლევრებს შორის და აღზარდოს ახალი თაობის ლიდერები, რომლებიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავენ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი თავს უყრის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექსპერტებს. კვლევითი პროექტებისა და ტრენინგების განსახორციელებლად, ფონდი კონტრაქტის საფუძველზე იწვევს წამყვან ქართველ ანალიტიკოსებს და ატარებს ერთობლივ კვლევებს.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ასევე წარმოადგენს ფორუმს უცხოელი მკვლევრებისთვის, რომლებიც საქართველოსა და კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს იკვლევენ. ფონდი უზრუნველყოფს მასტიმულირებელ და მეგობრულ გარემოს როგორც საველე ექსპერტიზის, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებების შეთავაზებით, რათა დაეხმაროს მკვლევრებს მათ მიერ დასახული კვლევითი მიზნების მიღწევაში.

პოლიტიკასთან დაკავშირებული კვლევის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყნის მაღალი დონის საჯარო მოხელეები მონაცემთა ბაზებით (რომლებიც ინტერნეტის მეშვეობით არის ხელმისაწვდომი), კვლევითი ნაშრომებით, სიმულაციური მოდელებით და პოლიტიკის რეკომენდაციებით. კვლევების მიგნებების უდიდესი ნაწილი ხელმისაწვდომია ინდივიდებისთვის, ინსტიტუტებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

ტრენინგები ორიენტირებულია რეგიონში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე საერთაშორისო ეკონომიკის, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ცოდნის გაღრმავების გზით. ფონდი უფართოებს იმედისმომცემ ახალგაზრდა სპეციალისტებს შესაძლებლობებს, ჩაერთონ პოლიტიკის დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ტრენინგის მონაწილეებს, რომლებიც წარმოადგენენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდი საღამოს საათებში სთავაზობს ლექციებს ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენს პედაგოგებს შორის არიან საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტები, ხოლო კონსულტაციის მიღება უფასოა.

საზოგადოებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პოლიტიკურ დიალოგში ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი რეგულარულად აძლევს მედიას ინტერვიუებს, აწყობს დისკუსიებს, საჯარო მოსმენებს და მრგვალ მაგიდებს.

შეფასებითი კვლევების მიზანია ინსტიტუტების დახმარება, გააუმჯობესონ მათ მიერ პროგრამების შესრულების საზომები და გაიაზრონ საქმიანობის შესრულების გაუმჯობესების გზები. ეს მოიცავს სპეციფიკური პროგრამებისა და პროექტების შეფასებას, ასევე პოლიტიკური რისკისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უფრო ზოგად შეფასებით კვლევებს. შეფასებითი კვლევები ტარდება საქართველოში და კავკასიის რეგიონში და განკუთვნილია მთავრობებისთვის, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

რეგულარულად ტარდება კონფერენციები და სემინარები, ხშირად სხვა კვლევით ინსტიტუტებსა და სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს პოლიტიკის განმსაზღვრელებს, მკვლევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მოსაზრებათა გაცვლას პოლიტიკის მთავარ საკითხებზე და შემუშავდეს რეკომენდაციები მოქმედებისთვის.

საინფორმაციო ბიულეტენების, სამუშაო ნაშრომების, პროექტების ანგარიშებისა და კონფერენციის მასალების ელექტრონული ფორმით გამოქვეყნება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთ-ერთი მუდმივი აქტივობაა. კვლევების მიგნებები ხელმისაწვდომია როგორც ინტერნეტში, ასევე გაცვლის და გამოწერის მეშვეობით.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის კვლევითი და ტრენინგის აქტივობა ფოკუსირებულია რეგიონის დღის წესრიგზე. ფონდი ერთობლივ პროექტებს ახორციელებს რეგიონის და რეგიონის ფარგლებს მიღმა არსებულ კვლევით და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით. 

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.