ალექსანდრე რონდელის შესახებ

 ალექსანდრე რონდელი (1942-2015) იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი (2001-2015 წწ.). საერთაშორისო ურთიერთობების გამორჩეული სპეციალისტი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი, ღრმად განათლებული, მეგობრული, კეთილგანწყობილი, საოცარი იუმორის მქონე ალექსანდრე რონდელი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე, ვისთანაც კი ურთიერთობა ჰქონდა, იქნებოდნენ ეს მისი მეგობრები, სტუდენტები, კოლეგები თუ სხვა ადამიანები.

ალექსანდრე რონდელი დაიბადა 1942 წლის 7 იანვარს თბილისში, ცნობილი ქართველი კინორეჟისორის დავით რონდელისა და ქართული არისტოკრატიული ოჯახის შესანიშნავი წარმომადგენლის ნინო ამირეჯიბის ოჯახში. რონდელების ნამდვილი გვარი იყო ცაგარეიშვილი, რომელიც დავითმა, თავისი სარეჟისორო კარიერის დასაწყისში, ფსევდონიმ რონდელით შეცვალა.

ალ. რონდელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ირანის ისტორიის სპეციალობით დამთავრების შემდეგ ჩააბარა იმ დროისათვის ახლადგახსნილი გეოგრაფიის ფაკულტეტის ასპირანტურაში, საბჭოთა კავშირისათვის ნაკლებად განვითარებული მიმართულებით - ქალაქების გეოგრაფიის სპეციალობაზე. ალ. რონდელის პროფესიული ინტერესების გამოვლინება იყო 1970-იანი წლების დასაწყისში მისი თარჯიმნად მუშაობა ირანში. ალ. რონდელმა დისერტაციის თემად აირჩია ახლო აღმოსავლეთის, კერძოდ კი, ირანის ქალაქების ჩამოყალიბება და განვითარება. ქალაქების გეოგრაფიის სფეროში მისი მუშაობის დაგვირგვინება იყო 1990 წელს გამოცემული  ნაშრომი, სახელწოდებით „ქალაქის გეოგრაფია“, რომელმაც დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ალექსანდრე რონდელის ცხოვრების დიდი ნაწილი უკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც მან, ჯერ კიდევ ასპირანტმა, დაიწყო ლექციების კითხვა. მიუხედავად ასაკისა,  ახალგაზრდა ალ. რონდელმა თავისი პრინციპულობითა და თავისუფალი, კეთილგანწყობილი, მეგობრული დამოკიდებულებით იმთავითვე დაიმსახურა სტუდენტების პატივისცემა და სიყვარული. იგი გაცილებით მეტი იყო სტუდენტებისათვის, ვიდრე უბრალოდ ლექტორი - ბევრისათვის იქცა საყვარელ და ანგარიშგასაწევ მეგობრად; იგი იყო ადამიანი, რომელიც უშურველად უზიარებდა ყველას საკუთარ ცოდნასა და გატაცებებს, ცდილობდა ახალგაზრდებში გაეღვივებინა წიგნების სიყვარული, ახლის შემეცნების სურვილი. იყო თემები, რაზეც დაუღალავად შეეძლო ლაპარაკი, მისი დიდი გატაცება იყო მუსიკა, განსაკუთრებით - კლასიკური, დაუვიწყარია მისი საუბრები მოცარტზე... ასევე დიდი გატაცება ჰქონდა - ფეხბურთი. ახალგაზრდობაში ფეხბურთის შესახებ წერდა სპორტულ გაზეთ „ლელოში“, მუდმივად უსმენდა „ამერიკის ხმას“ და საბჭოთა კავშირში მცხოვრებმა თითქმის ყველაფერი იცოდა მსოფლიო ფეხბურთის შესახებ. ასეთი იყო ბატონი ალიკა (როგორც მას ეძახდნენ) - ადამიანი, სავსე ინტერესით, ცნობისმოყვარეობით და დიდი სურვილით თავისი ცოდნა და გამოცდილება  სხვებისთვის გაეზიარებინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის არსებობის საკითხი დადგა. 1991 წელს თსუ-ში ჩამოყალიბდა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგედ ალექსანდრე რონდელი აირჩიეს (1991-1996 წწ.).

ბატონი ალექსანდრე ძალიან რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა - უნდა შექმნილიყო საქართველოსთვის სრულიად ახალი აკადემიური სფერო, რომლისთვისაც, პირველ რიგში, საჭირო იყო სრულიად ახალი სასწავლო პროგრამა. ამ მიზნით ალ. რონდელმა 1993-1994 სასწავლო წელი პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდრო უილსონის სახელობის საჯარო და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში გაატარა და კოლეგების დახმარებით და იქ მიღებული ცოდნა-გამოცდილების გამოყენებით საქართველოში საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან პრესტიჟულ და საპატიო სკოლას. დღეს საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული ყველა სტუდენტისა თუ ადამიანისათვის სამაგიდო წიგნებია ალ. რონდელის ორი მონოგრაფიული ნაშრომი - „საერთაშორისო ურთიერთობები“ და „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“.

ალექსანდრე რონდელმა, თავისი პიროვნული მომხიბვლელობის, ფართო განათლების, იუმორის, მეგობრული, პატიოსანი დამოკიდებულების წყალობით, ნაყოფიერი მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობები დაამყარა ადამიანებთან მთელ მსოფლიოში და ალბათ ჩვენი  ქვეყნისთვის საუკეთესო ელჩი იყო. მეგობრობა და ურთიერთობები, რაც მას ჩამოუყალიბდა სხვადასხვა უნივერსიტეტთან, კვლევით ცენტრთან, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ცალკეულ პიროვნებასთან,  მისი გარდაცვალების შემდეგაც მოჰყვება ფონდს, რომელიც დღეს უკვე ალექსანდრე რონდელის სახელს ატარებს. საქართველოში ჩამოსული ძალიან ბევრი უცხოელი დიპლომატის, მკვლევარის, პოლიტიკოსისა თუ ჟურნალისტის სურვილი იყო შეხვედროდა ალექსანდრე რონდელს, რათა მისგან მოესმინა მიმდინარე პროცესების ობიექტური, სწორი და მიუკერძოებელი შეფასება. ფონდს ბევრი უცხოელი მეცნიერისათვის უმასპინძლია. საქართველოს ბევრმა მეგობარმა ქვეყანა სწორედ ალიკა რონდელის თვალით დაინახა - მისი სიყვარულითა და უკეთესი მომავლის იმედით სავსე ობიექტური, კრიტიკული, ზოგჯერ მწარე შეფასებების წყალობით. სიყვარულისა და სარკაზმის ის განსაკუთრებული ნაზავი, რომელიც ახასიათებდა ბატონ ალიკას და რომელიც მამამისის - დავით რონდელის „დაკარგულ სამოთხეშიც“ კარგად ჩანს, იყო საკუთარი ქვეყნის, მხარის, ხალხის ისტორიისა თუ ბედ-იღბლის კარგი ცოდნისა და დიდი სიყვარულის გამოვლინება.  

1997 წლიდან ალ. რონდელი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი, სადაც ასევე გარშემორტყმული იყო სტუდენტებით, ახალგაზრდა, ნიჭიერი ხალხით, ვისთან ერთადაც ცდილობდა  საქართველოში დაემკვიდრებინა ახალი მიმართულება - საგარეო პოლიტიკის ანალიზი. სწორედ იმ პერიოდში მიენიჭა ალექსანდრე რონდელს ელჩის დიპლომატიური რანგი.

2001 წლიდან გარდაცვალებამდე ალექსანდრე რონდელი იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ორგანიზაციისა, რომელიც მან რამდენიმე წლით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დააარსა. ამ ფონდის ჩამოყალიბება იყო ერთ-ერთი პირველი მცდელობა საქართველოში შექმნილიყო ანალიტიკური ცენტრი, რომელიც კვლევებზე დაფუძნებით იმუშავებდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. ამ დროიდან მოყოლებული ფონდის ძირითადი საქმიანობა სწორედ კარგი მმართველობის დანერგვა-გავრცელების ხელშეწყობა, ლიდერთა ახალგაზრდა თაობის განათლება-სწავლება, ქვეყანაში საღი და კრიტიკული აზრის დამკვიდრება და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაა. სწორედ ბატონი ალიკას საქმიანობის გაგრძელებაა ის ახალგაზრდები, მისი სტუდენტები და ფონდის კურსდამთავრებულები, ვინც დღეს ქვეყანაში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობს და თავის   ქვეყანას ემსახურება.

ბატონი ალექსანდრეს მემკვიდრეობის ერთი მოკრძალებული ნაწილია ჟურნალი „ჩემი სამყარო“, რომელსაც ფონდი 2013 წლიდან გამოსცემს. ბატონი ალექსანდრე ოცნებობდა საქართველოში ყოფილიყო ბევრი წიგნიერი ახალგაზრდა, ვისაც ექნებოდა მეტის გაგებისა და შემეცნების ინტერესი. „ჩემი სამყარო“ სწორედ ამ ოცნების ხორცშესხმას ემსახურება. 

ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა 2015 წლის 12 ივნისს. ჩვენთვის, დღეს უკვე ალექსანდრე რონდელის სახელობის ფონდის თანამშრომლებისათვის, ძალიან დიდი პატივი იყო მის გვერდით მუშაობა. ახლა უკვე ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ხელი შევუწყოთ ახალი თაობის გაზრდას, თაობისა, რომელიც აქცევს საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ, სიცოცხლისუნარიან, წარმატებულ სახელმწიფოდ, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ერების ევროატლანტიკურ ოჯახში.  

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.